პირველი ნეშტთა. Chapter 20

1 წლის შემოქცევისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, იოაბი წინ წაუძღვა ლაშქარს და გაანადგურა ყამონიანთა ქვეყანა, მივიდა და რაბას შემოადგა. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. აიღო იოაბმა რაბა და დაანგრია.
2 დავითმა მათ მეფეს გვირგვინი მოხადა, ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.
3 გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხერხით ხერხვა და რკინის კბილებითა და რკინის ცულებით ხოცვა. ასე მოექცა დავითი ყამონიანთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.
4 ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბქაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფას ერთ-ერთი ვაჟი და დაზავდნენ.
5 კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
6 კვლავ ატყდა ომი გეთში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო.
7 დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან მიმყას ძემ - დავითის ძმისწულმა.
8 რაფას გათში ესენი შეეძინნენ და ყველანი დავითისა და მისი მორჩილთა ხელით დაეცნენ.