ოსია წინასწარმეტყველი. Chapter 5

1 ისმინეთ ეს, მღვდლებო, გაიგონეთ, ისრაელის სახლო, ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მსჯავრი გადევთ, რადგან მახედ ექციათ მიცფას და თაბორს - მოსროლილ სათხევლად.
2 თავიანთი მსხვერპლშეწირვებით ცოდვაში ჩაეფლნენ განდგომილნი, მაგრამ ყველას ვასწავლი ჭკუას.
3 მე ვიცნობ ეფრემს და ვერ დამემალება ისრაელი, რადგან შენ ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი.
4 ჩადენილი საქმეები არ ანებებენ თავიანთი ღმერთისან მიქცევას, რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალს ვერ ცნობენ.
5 თავისი სიამპარტავნე ამხილებს ისრაელს; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდაც მათთან ერთად.
6 თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან; განერიდა მათ.
7 უღალატეს უფალს, რადგან უცხოთა შვილებს შობენ; ამიერიდან მახვილი შეჭამს მათ წილხვედრითურთ.
8 ჩაჰბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთავენში: მოგყვებით, ბენიამინ!
9 უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის შტოებში გამოვაცხადე ჭეშმარიტება.
10 სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.
11 დათრგუნულია ეფრემი, მსჯავრით გათელილი რადგან გადაწყვიტა კერპებს გაჰყოლოდა.
12 ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მჭამელად - იუდას სახლს.
13 დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შესძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ.
14 რადგან მე ლომივით ვექცევი ეფრემს და ლომის ბოკვერივით - იუდას სახლს; დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის.
15 წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან.