ეზეკიელ წინასწარმეტყველი. Chapter 2
1 მითხრა: ადამის ძევ! დადექ ფეხზე, უნდა გელაპარაკო!
2 შემოვიდა ჩემში სული, როცა მელაპარაკებოდა, და ფეხზე დამაყენა, და მესმოდა მისი, ვინც მელაპარაკებოდა.
3 მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე.
4 ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი.
5 გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
6 შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა.
7 უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.
8 შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები: ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ.
9 და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში.
10 გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი.