ეზეკიელ წინასწარმეტყველი. Chapter 35

1 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2 ადამის ძევ! სეყირის მთისკენ მიაქციე პირი და იწინასწარმეტყველე მასზე,
3 უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, სეყირის მთაო! ხელს მოგიღერებ და უდაბნოდ და უდაბურად გაქცევ.
4 შენს ქალაქებს ოხრად დავაგდებ და შენც უდაბური გახდები. მაშინ მიხვდები, რომ უფალი ვარ.
5 რაკი საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს მიუგდე ისრაელიანები მათი გასაჭირის ჟამს, საბოლოო სასჯელის ჟამს.
6 ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი: სისხლად გაქცევ და სისხლი დაგედევნება; ხომ არ გძულებია სისხლი და სისხლი დაგედევნება.
7 უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ სეყირის მთას, ამოვძირკვავ იქ გამვლელს და მცხოვრებს.
8 დახოცილებით ავავსებ მის მთებს; მახვილით დახოცილნი დაეცემიან შენს გორაკებზე, ხევებში და მდინარეებში.
9 საუკუნო უდაბნოდ გაქცევ და გაუკაცრიელდება შენი ქალაქები; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
10 რაკი ამბობდი, ჩემი იქნებაო ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა, ჩვენ დავიმკვიდრებთო, თუმცა უფალი იყო იქ.
11 ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი: თუ არ მოგექცე შენი რისხვისა და შენი შურისამებრ, რომელიც შენი სიძულვილით გამოიჩინე მათ წინააღმდეგ; მაშინ გავცხადდები მათში, როცა მსჯავრს დაგდებ.
12 მიხვდები, რომ მე, უფალს, მესმოდა შენგან ყოველი აუგი, რომელიც გითქვამს ისრაელის მთებზე: გაუდაბურდნენ, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელადო.
13 მედიდგულებოდით ბაგეებით და ამრავლებდით სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ; მე მესმოდა ეს.
14 ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა მთელი ქვეყანა გაიხარებს, მაშინ გაგაუდაბურებ.
15 როგორც ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურება გიხაროდა, ასევე მოგექცევი შენც: გაუდაბურდებით, სეყირის მთაო და მთელო ედომო, ერთიანად! მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.