გოდება იერემიასი. Chapter 5
1 გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება.
2 ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები - გადამთიელმა.
3 ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;
4 ჩვენსავე წყალს ვერცხლის ფასად ვსვამთ, შეშას ვყიდულობთ;
5 კისრით მიგვათრევენ, ქანცი გაგვიწყდა, არა გვაქვს მოსვენება;
6 ეგვიპტეს ვუშვერთ ხელს, აშურს, რომ გავძღეთ პურით;
7 ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ სასჯელს ვიხდით;
8 მონები ხელმწიფობენ ჩვენზე, არა ჩანს მხსნელი მათი ხელიდან;
9 სიცოცხლის ფასად ვშოულობთ პურს, უდაბნოში მახვილის შიშით;
10 თონესავით გვიხურს კანი, შიმშილის ხვატისგან.
11 ქალებს ნამუსს ხდიან სიონში, ქალწულებს - იუდას ქალაქებში;
12 ხელებით ჰკიდებენ მთავრებს, შეურაცხყოფენ მოხუცებულთ;
13 მოყმენი დოლაბებს ეზიდებიან, ბიჭები ფორხილებენ შეშის ტვირთის ქვეშ;
14 მოხუცებულნი კარიბჭესთან აღარ სხდებიან, მოყმენი აღარ მღერიან;
15 შემწყდარია ჩვენი გულის სიხარული, გლოვად გადაიქცა ჩვენი ფერხულები;
16 თავზეით გვირგვინი მოგვეხადა; ვაი ჩვვნ, რადგან შევცოდეთ!
17 ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალისჩინი;
18 გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;
19 შენ კი საუკუნოდ მყოფობ, უფალო, შენი ტახტი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე!
20 სამუდამოდ რისთვის დაგვივიწყე, ასე ხანგრძლივად რისთვის მიგვატოვე?
21 შენკენ მოგვაქციე, უფალო, და მოვიქცევით; განგვიახლე დღეები, როგორც ძველად იყო!
22 ნუთუ საბოლოოდ შეგვიძულე და უსაზომოდ გაჯავრდი ჩვენზე?