იობი. Chapter 23

1 მიუგო იობმა და უთხრა:
2 დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი.
3 ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?
4 წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.
5 გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა.
6 მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა მხოლოდ.
7 იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან.
8 აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ მას.
9 მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ; მარჯვნივ იმალება და ვერ ვამჩნევ.
10 მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები.
11 მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.
12 მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.
13 ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს.
14 ბოლომდე შეასრულებს ჩემს წილხვედრილს - ასეთი ბევრი აქვს მას.
15 ამიტომაც ვძრწივარ მის წინაშე, ჩავუფიქრდები და მეშინია მისი.
16 ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და შემაძრწუნა ყოვლადძლიერმა.
17 ბარემ დავიღუპო უკუნეთში და ბნელმა დამიფაროს სახე!